top of page

წარსულისთვის თვალის გასწორება - ინტერვიუ დავით ფირცხალავასთან


დავით ფირცხალავას 2022 წლის ფილმმა, „დიდი შესვენება”, დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კინო წრეებსა და ფესტივალებში. ფილმი რეჟისორისავე პიესის მიხედვითაა გადაღებული და წლების შემდეგ შეკრებილი კლასელების შესახებ გვიყვება. ქართველ მაყურებელს ფილმის ნახვის საშუალება 19 იანვრიდან კინოთეატრებში აქვს. გთავაზობთ ეს არის კინოს ინტერვიუს რეჟისორ და დრამატურგ დავით ფირცხალავასთან:

პირველ რიგში, როგორ დაიბადა სცენარის იდეა? რა იყო შთაგონების წყარო?

ეს იყო პიესა, რომელიც თემურ ჩხეიძის სახელოსნოში სწავლისას დავწერე, შეიძლება სადიპლომო ნამუშევარიც დავარქვათ. თავიდან პიესა სამეფო უბნის თეატრში დაიდგა, ჩემმა მეგობარმა და ჯგუფელმა რეჟისორმა დადგა, მეც ჩართული ვიყავი სამუშაო პროცესში, თუმცა ვფიქრობდი, რომ ეს ტექსტი კინოს უფრო მოუხდებოდა, ბატონი თემურიც სულ ამას მეუბნებოდა.
ინსპირაცია სკოლის პერიოდი იყო, თანმდევი უსიამოვნებებით, დაძაბულობით, დაზაფრულობით, რა თქმა უნდა, დადებითი მხარეებითაც. პიესა 2015 წელს დავწერე, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვეცადე, რომ ეს ეტაპი ბოლომდე გამეაზრებინა, შორიდან ძალიან უსიამოვნოდ მახსენდებოდა სკოლა, წლები დამჭირდა გასააზრებლად, თუმცა საბოლოოდ მივხვდი, რომ ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, რაც შემიძლია გამოვიყენო თუნდაც ფილმში, პიესაში ან ნებისმიერ რამეში, რასაც ხელს მოვკიდებ, ელემენტარულ ურთიერთობებშიც კი.

როგორც აღნიშნეთ, თავდაპირველად “დიდი შესვენება” სპექტაკლად დაიდგა და უკვე შემდეგ იქცა კინოდ, შეიცვალა სიუჟეტი, ან თქვენი მიდგომა ტექსტისადმი 2015 წლიდან დღემდე?

ფილმი 2020 წელს გადავიღეთ, ამ დროში ძალიან ბევრი რამე დავინახე ახლებურად. საინტერესო იყო, რომ სპექტაკლი სამჯერ დაიდგა სხვადასხვა რეჟისორის მიერ, ყველა ამ დადგმამ რაღაც ახალი მომცა. შეიცვალა ერთ-ერთი მთავარი გმირის წარსული, ერთი პერსონაჟი ორ დამოუკიდებელ გმირად გაიყო, გაჩნდა დარაჯი, რომელიც პიესაში თავდაპირველად არ არსებობდა. ფილმის ღირსება მგონია, რომ ყველა პერსონაჟს თავისი ისტორია აქვს, ყველა მათგანი საიდანღაც მოდის და შეუძლია, რომ სადღაც წავიდეს. მოცემულობა იგივე დარჩა, თუმცა სრულიად შემეცვალა დამოკიდებულება. 2015-16 წლები ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი იყო ჩემთვის და შეიძლება ითქვას, რომ მომეცა საშუალება უფრო დინჯად მივდგომოდი პერსონაჟებს და საბოლოოდ ისტორია დახვეწილიყო.

პიესა საკმაოდ მოკლე დროში დავწერე, ზოგადად აუცილებელი მგონია, ახალი თვალით და ცივი გონებით საკუთარ ნაწერთან დაბრუნება, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ამ 5 წლიანმა შუალედმა დადებითად იმოქმედა პირველ რიგში ჩემზე და საბოლოოდ ფილმიც მეტ-ნაკლებად ის გამოვიდა, რაც უნდა გამოსულიყო.

არის ფილმში პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ, ან ახლოსაა თქვენთან?

ზოგადად პერსონაჟებში ჩადებულია ჩემი, ან ჩემს გარშემო მყოფების ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთები, ფაქტები, რომლებიც ძალიან ნამდვილია, და თითოეულ მათგანზე გმირის ცხოვრების აგებაა შესაძლებელი. მაგალითად, ციცი მიყვარს იმიტომ, რომ მართალია დიდი ბოღმა აქვს, მაგრამ კულმინაციურ მომენტში ვხედავთ, შინაგანად როგორი ადამიანიცაა. ამ სცენაში ის შავ მაისურს იხდის და შიგნიდან თეთრი აცვია, ზოგჯერ კარგი მგონია პირდაპირი მინიშნებები. გუგაც თავისებურად საინტერესოა, საკუთარ წარსულს გაურბის, ვერ იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირი ალბათ ბავშვია, რომელიც სურათზე ჩანს. სურათზე მე ვარ ბავშვობაში, თუმცა პერსონაჟის ისტორია ჩემს გარდაცვლილ კლასელზეა. მიჭირს, რომ ფავორიტი გამოვყო, რადგან შეიძლება ითქვას, რომ თითოეული პერსონაჟი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს განასახიერებს.

ფილმში არც ერთი კლასელი არ არის ქალი, როგორ გგონიათ, სკოლის ბიჭებს შორის არსებულ ერთგვარ ჩაგვრის წრეში, სად არის გოგოების ადგილი?

ვცდილობ მაყურებელს ის გამოცდილება გავუზიარო, რაც მაქვს. ჩემს სკოლაში, ბიჭებში თუ იყო ასეთი ერთგვარად იერარქიული დამოკიდებულება, გოგოები უფრო მეგობრულები იყვნენ, თუმცა მყავს მეგობრები, რომელთა გამოცდილებითაც გოგოების წრეშიც არსებობდა მსგავსი ურთიერთობები. რადგან ჩემი პერსონაჟები ჩემი წარსულიდან მოდიან, ვიფიქრე, რომ როგორც ერთ-ერთი გმირი, ციცი ამბობს, გოგოების გარეშე უფრო თავისუფლად იქნებოდნენ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ შეკრების მოტივაცია, თუნდაც ფარულად, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გარჩევაა. მგონია, რომ ფილმში მიმდინარე ამბავი იმ კულმინაციამდე ვერ მივიდოდა, სადამდეც მივიდა, შეკრებაზე ქალებიც რომ ყოფილიყვნენ.

“დიდი შესვენება” ძალიან საინტერესოა დრამატურგიულად, ფილმში დაძაბულობა, ეგრეთწოდებული “სასპენსი”, დიალოგის ხარჯზე, ერთ სივრცეში, პრაქტიკულად მოქმედების გარეშე იქმნება, როგორ მიაგენით ამ ფორმას?

ზოგადად ბევრი ფილმი მინახავს, სადაც კლასელები იკრიბებიან, ან სკოლაში დაჩაგრული ადამიანი იარაღით მიდის და ხალხს ხოცავს, მე მინდოდა, რომ მეპოვა სად არის გამოსავალი. ადამიანმა, რომელიც მჩაგვრელი იყო და დღეს შეიძლება უფრო იტანჯება, რადგან საკუთარ თავს ვერ იღებს და წარსულს მალავს, როგორ უნდა იცხოვროს? ან ჩაგრულმა, რომელიც შეიძლება ყოველ ღამე მოძალადის მოკვლაზე ოცნებობდა, როგორ უნდა განაგრძოს ცხოვრება? ამ გამოსავლის ძებნაზეა ტექსტი.
ხოლო “სასპენსს” რაც შეეხება, ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ბატონ კოტე ჯანდიერთან, მგონია, რომ ძლიერი ხერხია იმისათვის, რომ მაყურებელი უხეშად რომ ვთქვათ, “დაიჭირო”, ბოლომდე დააინტერესო. მოულოდნელობის ეფექტს მირჩევნია ველოდებოდეთ იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს. ჰიჩკოკსაც ხომ აქვს ასეთი მაგალითი: შეიძლება ორი ადამიანი საუბრობდეს და უცბად მათ ქვემოთ ბომბი აფეთქდეს, ეს შოკის ეფექტს შექმნის, მაგრამ თუ მაყურებელმა იცის, რომ პერსონაჟებთან ახლოს ბომბია, ამ დროს სცენას განსაკუთრებით დაძაბულად უყურებს, უფრო მძაფრი ემოცია ეუფლება, მეც ვეცადე, რომ ეს დაძაბულობა შემექმნა.

ფილმის ბოლოს, თქვენი მუსიკაა გამოყენებული, “დიდი შესვენებისთვის” დაიწერა ეს კომპოზიცია, თუ მანამდეც არსებობდა?

მანამდე არსებობდა, წერის პროცესში ფილმზე არც მიფიქრია, ერთი პერიოდი ღამის კლუბების სუბკულტურითა და ელექტრონული მუსიკით ვიყავი გატაცებული, ჩემი მეგობრების ნამუშევრები მომწონდა და მეც გადმოვწერე პროგრამა, რომლითაც მუსიკას ვაკეთებდი. კონკრეტულად ამ კომპოზიციაზე ის განცდა მახსენდება, რომელიც მუშაობისას მქონდა, თითქოს გამარჯვების, იმედის მომცემი ჟღერადობა აქვს და რაღაცნაირად უხდება ფინალს, ჩემი აზრით.

როგორც ვიცით, ფილმი ოთხ სხვადასხვა სკოლაშია გადაღებული, აქედან ერთ-ერთში თქვენ სწავლობდით, ერთში გუგას როლის შემსრულებელი გიორგი შარვაშიძე, როგორი გამოცდილება იყო წლების შემდეგ სკოლაში დაბრუნება?

სკოლის დამთავრების შემდეგ, დიდად არც კლასელებთან მქონია ურთიერთობა და არც სკოლასთან. როდესაც შენობაში შევედი, თითქოს ყველაფერი გამახსენდა, რომელ კუთხეში რა მოხდა, რას ვფიქრობდი, არაერთგვაროვანი ემოციები იყო. გიორგისთვისაც საინტერესო იქნებოდა, საკუთარ სკოლაში უწევდა ყოფილი მოძალადისა და მჩაგვრელის როლის თამაში.

ოპერატორზეც რომ გვესაუბროთ, ფილმი ძირითადად ღამითაა გადაღებული და მიუხედავად ამისა, ძალიან საინტერესოა ვიზუალურად…

ჩემი სამივე ფილმის ოპერატორი შალვა სოყურაშვილია და სამივე შემთხვევაში შემოქმედებითად ძალიან ჩართული იყო პროცესში, მაგალითად “დიდ შესვენებაში” ერთ-ერთი სცენა დრამატურგიულადაც შალვას მოფიქრებულია. ზოგადად გახსნილი ვარ ასეთი შემოთავაზებებისადმი, განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც ვენდობი, ვცდილობ ხოლმე, რომ მათ შემოქმედებითი თავისუფლება მივცე.
ფილმის მხატვრობაც ძალიან მომწონს, ერთგვარ შთაგონებად კარავაჯოს შემოქმედება გვქონდა, რამაც დიდი როლი შეასრულა კლაუსტროფობიული გარემოს შექმნაში. მინდოდა, რომ ფილმის დასასრული ამოსუნთქვასავით ყოფილიყო, თითქოს ღამის კოშმარი დასრულდა და ამისგან სიხარული გვეუფლება. მგონია, რომ მართლა ასეა, ადამიანი როდესაც საკუთარ წარსულ შცდომებს გააცნობიერებს, უარყოფითი შეგრძნებები ქრება და მხოლოდ გამოცდილებაღა რჩება.

როგორც ახსენეთ, ზოგჯერ მსხვერპლისთვის უფრო მარტივია გათვისუფლება, რადგან მორალურად მართალია, ამ დროს კი მჩაგვრელს უწევს, ამ ყველაფრით იცხოვროს, უჭირს მიიღოს საკუთარი თავი, თქვენი აზრით, მჩაგვრელი როგორ შეიძლება გათავისუფლდეს წარსულისგან?

ამაზე ფიქრისას ჩემთვის მუდმივად ცოცხლდება სახარებისეული მცნება - “ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი”, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ჩახვიდე, საკუთარ თავთან გათავისუფლდე, რაც ალბათ ყველაზე რთულია და შემდეგ უკვე მიხვდები სხვას რა აწუხებს. ზოგადად მჯერა, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა დასვას კითხვები და აუცილებლად იპოვის პასუხებს. შეიძლება ადამიანი მოწოდებით არც მჩაგვრელი იყო და არც ჩაგრული, მაგრამ ორივე მდგომარეობაში აღმოჩნდე, მთავარია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ გაბოროტდე, თუნდაც საკუთარ გულში მოუხადო იმ ადამიანს ბოდიში, ვისაც ატკინე, მხოლოდ სინანულს მოაქვს სიმძიმისგან გათავისუფლება.

რა შეგრძნება გსურთ დაეუფლოს მაყურებელს, ფილმის ნახვის შემდეგ?

ჩემი უდიდესი სურვილია, რომ ფილმიდან გამოსული ადამიანები უბრალოდ საკუთარ წარსულში წავიდნენ, რადგან ყველას გვაქვს წარსულში ამბები, რომელთა ზუსტ დეტალებზე საუბარი არ არის აუცილებელი, მაგრამ საჭიროა მათზე დაფიქრება, შერიგება, სინანული და პატიება. ჩანაფიქრი ეს იყო ალბათ, სკოლის პერიოდი ძალიან დიდი გამოცდილებაა, ამ დროიდან მოგვყვება ჩვევები, კომპლექსები თუ შიშები. წარსულს თუ გავაანალიზებთ ისეთი თვალით, რომ არ გავბოროტდეთ, შემდეგ ყველაფერი თავის მნიშვნელობას შეიძენს და ძალიან ბევრ კითხვაზე მივიღებთ პასუხს.



ფოტო: "დიდი შესვენება", Millimeter Film


Comments


bottom of page