top of page
მარია ვაჭარაძე

„ცის ნამი“ ანუ წვიმის გოგო




“წყალო, ნიჭი მოგიტანე, ბედი გამომატანე”
ძველი ქართული შელოცვა

კულტურის მიერ შექმნილ მარწუხებში, რთულია, შეიგრძნო სამყაროს ტრანსცედენტულობა. პროფანულისა და საკრალურის ცნებები აქტუალური ხდება ჯერ კიდევ „მითოლოგიური რენესანსის“ ეპოქის სამეცნიერო საუბრებში, თუმცა მაშინ ამ საკითხებს ნაკლებად განიხილავდნენ რაიმე განსაკუთრებულ პრობლემად.
დესაკრალიზებულ სამყაროში ჩნდება ყველაფრის წამლეკავი „სტიქიური ინდუსტრიული მანქანა“. ეს „ინდუსტრიული მანქანა“ საავდრო ღრუბელივით არის გადაფარებული ეკოსისტემას და ნელ-ნელა ზაზა ხალვაშის ფილმის მთავარი გმირის - ნამეს (მსახ. მარისკა დიასამიძე) სამყაროშიც ცდილობს შეღწევას.
ზემო აჭარის ენიგმატიკური გარემოს ეკრანზე გაცოცხლებით, რეჟისორი ახერხებს შექმნას მითოსური სურათი. ამ ფილმით თითქოს დეკლამაციას ახდენს პრეინდუსტრიული ადამიანური სამყაროს მოდელის. თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს ვიზუალურ და შინაარსობრივ მხარეს. მასთან ფერი განსულიერებულია: იქნება ეს პეიზაჟი, პერსონაჟები თუ ინტერიერი. თბილი თაფლისფერი ხის ქოხების ჩუმი ატმოსფერო შეპირისპირებულია ხმაურიანი სამშენებლო ტერიტორიის გარდამავალ, გამყინავად ცისფერ ტონებთან. ოპერატორების (გიორგი შველიძე, მამუკა ჩხიკვაძე) მიერ შექმნილი მომაჯადოებელი გარემო-სახლის ინტერიერი, კარ-მიდამო „სეიჰინის“ (იაპონური ტერმინი დიზაინში ითარგმნება, როგორც „ღირესეული სიღარიბე“) ატმოსფეროს ქმნის. „სეიჰინის“ მიმდევრები უარჰყოფენ ელეგენატურ და ფუფუნების მქონე ზედმეტი მოხმარების ნივთებს და ირჩევენ თავისუფალ ღია სივრცეს, სადაც ცხოვრება სულს ამშვიდებს. რეჟისორის მიზანიც ალბათ ეს იყო: „ესაა ჩემი სულის გამოფენა, დიდი მადლობა, რომ ჩემს სულს უყურეთ“- პასუხობს ზაზა ხალვაში ტოკიოს კინოფესტივალის დამსწრე საზოგადოებას.
ავტორი ფილმით „ნამე“ სამყაროს წესრიგისათვის ზრუნვის კოსმოგონიურ ფუნქციას გვაზიარებს. ნამე, მოხუცი მამა და მისი ძმები, პიროვნული განვითარების განსხვავებულ გზებს გადიან. მათი ოჯახის მიკრომოდელი სამყაროს მოწყობის კანონზომიერების ამრეკლავია. ერთი ძმა მღვდელია, მეორე - მოლა, მესამე კი - ათეისტი მასწავლებელი; ისინი ერთი ფუძიდან, საერთო ველიდან მოდიან, მაგრამ შემდგომ ბედისწერა განსხვავებულ სამყაროებში გადაისვრის. ძმები საკუთარ როლებს სხვადასხვა რელიგიურ ინსტიტუტებში იპოვნიან. იქიდან დისტანცირებულები იკვლევენ სამყაროს, ხოლო ნამე არსად გაურბის საკუთარ თავს და სამყაროს დუალობის განმსახიერებელი ბუნებრივად ხდება.
ვინ არის მთავარი გმირი ნამე, ცის ნამი, „წვიმის გოგო“?! (როგორც იაპონელებმა უწოდეს) ნახევარქალღმერთი თუ სოფლის მკვიდრი, უბრალო ახალგაზრდა გოგონა, რომლის ცხოვრებას აზრს მხოლოდ „განმკურნებელი თევზი“ ანიჭებს?
ფილმს საფუძვლად უდევს ზემო აჭარაში გავრცელებული ლეგენდა თევზით მკურნალ გოგონაზე. მას შემდეგ, რაც გოგოს ბიჭი შუეყვარდება, უშვებს თევზს და კარგავს ღვთისგან ბოძებულ ნიჭს, როგორც ნამე: ის გაივლის ნისლით დაფარულ წყალს, გაათავისუფლებს თევზს და მდინარის წყლის უსასრულო ნაკადში უშვებს. ნამე „უსისხლო მსხვერპლის შეწირვით“ ევქარისტიის საიუდუმლოს ეზიარება. რიტუალური აქტის შესრულებით გადის გმირის ცხოვრების გზას. ამ გზაზე აკეთებს არჩევანს- „წყალს ატანს ნიჭს და ითხოვს საბედოს“.
ფილმში ბიჭის გამოჩენისთანავე განისაზღვრა ნამეს ბედისწერა. ჩვენ ვხედავთ როგორ ნელ-ნელა უახლოვდებოდა ნამე თავის ვიტალურ მეს (ჯერ მაღაზიაში ტუჩსაცხი წაისვა, შემდგომ თავშალი მოიხსნა). თითქოს ამ გაუწონასწორებელ არსებობაში თანდათანობით ბალანსი შეჰქონდა. სიყვარულის ობიექტის აღმოჩენით კი ნამე თითქოს ეჩეხება „პირობას“, რომ თუ მას მიწიერი ქალ-ვაჟური სიყვარულის განცდა სურს, საკუთარ ზებუნებრივ ნიჭზე უარი უნდა თქვას. იგი სამყაროს ჩარევითა (როცა თევზი კარგავს განკურნების ნიჭს) და თავისივე ნების გამოხატულებით (როცა წყალში უშვებს თევზს) რეალობის მიმღებელი ხდება.
ადამიანი ბუნების შვილია და ამავდროულად, საკუთარი ხელით შექმნილ კულტურის გარემოში ცხოვრობს, რომელსაც თავისი კანონები აქვს. რეჟისორი გვიჩვენებს სამყაროს დიალექტიკას, ბუნებისა და კულტურის ჭიდილს, თავად კი არჩევანს არცერთის სასარგებლოდ არ აკეთებს, ერთი მთლიანობის გამზიარებელი ხდება; მომაჯადოებელია ნამეს ორივე ამბავი: პროფანულიც (უყვარდება ბიჭი) და მითოსურიც (მკურნალია). მსხვერპლშეწირვის საკითხი ერთ-ერთი ფუნდამენტური მითოლოგემაა კაცობრიობის აზროვნების ისტორიაში, რომელიც მუდმივად მეორდება ტექსტებსა (აბრამის მსხვერპლშეწრივა, მედეას მსხვერპლშეწირვა) თუ ვიზუალურ ხელოვნებაში. კინოენას კი აქვს განსაკუთრებული უნარი, რომ სუბიექტური ჭვრეტით დაგანახოს და განგაცდევინოს სამყაროს მიკრომოდელი, როგორც ამას ზაზა ხალვაში ახერხებს -„მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ავტორი გამტარია, გარკვეული ინსტიქტებისა და არაცნობიერის დონეზე დებ რაღაც შენსას, შენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ხედვას“, ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
რეჟისორი გვიჩვენებს „დაძაბულობას“ მომხმარებლურ ყოფასა და ბუნების თანაზიარ ცხოვრებას შორის და ასახავს რა,- „ტრანსცედენტულ ესთეტიკას“ (პოლ შრაიდერის ტერმინი) - როდესაც ავტორი ხანგრძლივად აფიქსირებს კონკრეტულ მომენტს, ამ დროს კამერა აღბეჭდავს „მკვდარ დროს“ (Dead time). ასე ცდილობს რეჟისორი მაქსიმალურად გაზარდოს არსებობის საიდუმლო, რასაც რეალურ ცხოვრებაში არ მიმართავს ადამიანი.
დროს აუქმებს ფილმის ბოლო კადრი - ნისლში ჩაძირული ლანდშაფტის ფონზე წყალზე უძრავად დგას ნამე. „განმკურნებელი თევზის“ გაშვების მიუხედავად, ის კვლავ ინარჩუნებს ლევიტაციის უნარს. იქნებ, ეს უბრალოდ ნამეს გამოცდა იყო?! (როგორც აბრაამის რწმენის ძალა გამოიცადა უფლის მიერ).
ამ ფიქრში წასულს ჭაბურღილის ხმაური გაფხიზლებს. რეჟისორი ბოლო აკორდს სვამს. ქაოტური ინდუსტრიული ხმები ცოტა უხერხულად გაგდებს მიწაზე და ცხოვრების გარდაუვალ ბანალურობაში გაბრუნებს.
ამ ყოველდღიურობაში, ჩვენც, როგორც ნამეს, როგორც ხულიო კორტასარის „ბოლო გამოცდის“ გმირები, უგზო-უკვლოდ დავეხეტებით სამყაროში. ეს სამყარო იცვლება, ნისლის ნაცვლად შფოთვის კვამლი ედება გარემოს, ტექნიკური პროგრესის ხმაური ახშობს ბუნების ჰარმონიულ ხმებს, თუმცა „ჭაბურღილის ხმას“ არ შეუძლია ჩაახშოს მთავარი - შინაგანი, ინტუიტიური ხმა, რომელიც ბოლო, მნიშვნელოვანი გამოცდის წინ ახმაურდა ნამეში.
წილი ნაყარია, საიუდუმლო გამჟაღვნებულია: „ყველა მის გზას მიდიოდა, შენ რა გაშინებდა“?










Comments


bottom of page