ქალი, როგორც სასტიკი. ქალი, როგორც ნიჰილისტი. ქალი, როგრც მხარდამჭერი. ქალი, როგორც სიძულვილის ობიექტი და თავად სიძულვილით აღსავსე.
კინო, თავისი მრავალფეროვნებით რეჟისორს აძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა ჟანრებსა თუ ქვეჟანრებში იმოგზაუროს და განსხვავებული გამომსახველობითი ხერხებით საინტერესო ამბავი მოყვეს. ფრანგი რეჟისორი ფრანსუა ოზონი ყოველი ახალი ფილმით ცდილობს, შექმნას წინაზე განსხვავებული ნამუშევარი. შეცვალოს თხრობის სტილი, ვიზუალი, ეპოქა, კულტურა. მაგრამ, მისი ინტერესის ობიექტი არასდროს სცილდება ქალს.
ქალი ოზონთან ყოველთვის დაკვირვების ქვეშ არის, ყველა ფილმი ქალის ქმედებების გამომწვევი მიზეზების ძებნის დაუსრულებელი ციკლია. თითქოს რეჟისორს სხვა სქესი არ აინტერესებს, რადგან კაცი პერსონაჟები მისთვის დამხმარე საშუალებას წარმოადგენენ, ქალის ხასიათის გასახსნელად და გამოსაკვლევად.
რა თქმა უნდა, რეჟისორი, როგორც სუბიექტი, მიკერძოებულია. ოზონის ქალი პერსონაჟები ყოველთვის მისი პირადი შეხედულებებიდან და აღქმებიდან გამომდინარეობენ. ეს არის რეჟისორის პირადი „Male gaze”, ოზონი ასე აღიქვამს ქალებს, მათ ვნებათაღელვებს, ფიქრებს, ქცევებს, სხეულს, მისთვის ქალი მიმზიდველია, როცა შიშველი წევს აუზთან, მისთვის შუახნის ქალი სასტიკი, ბრაზიანი, გაბოროტებულია და ამაში ვერ შევეწინააღმდეგებით, რადგან მსოფლიო კინემატოგრაფში გაბატონებული „Male gaze”-ის „უსამართლო წესების“ მიხედვით, ქალი ყოველთვის არის კაცის თვალით დანახული. შესაბამისად ოზონი, რომელიც ინტენსიურად გვახვევს თავს პირადი მოსაზრებებს, ერთის მხრივ შესაძლოა უტრირებული, არარაციონალური და განსხვავებული იყოს, მაგრამ მისთვის ქალი არის ისეთი, როგორიც თავად სურს რომ იყოს.
მისი 2003 წლის ფილმი „საცურაო აუზი“ ცხადი, ხელშესახები მაგალითია ამ ყველაფრის - ორი განსხვავებული ქალის ურთიერთობა, ერთმანეთზე გავლენის მოხდენა, განსხვავებული ინტერესები, გადამდები შეგრძნებები. ამბავი შუახნის მწერლის, სარა მორტონის (შარლოტა რემპლინგი), გადაწყვეტილებით იწყება - შორეულ ვილაში გადასვლა და ახალ რომანზე მუშაობა.სიმყუდროვე, ყავა, სიგარეტი, მზის სხივები ფანჯარაში და ერთი მოხუცი მებაღე სრულ ჰარმონიას უქმნის ქალს გაშალოს ფანტაზიის ფრთები და წარმოიდგინოს წარმოუდგენელი. ლეპტოპი ჩართულია, სიო მზადყოფნაში, აუზი დაფარული. აქ ოზონი ოსტატურად აგდებს პირველ საეჭვო მარცვალს - რაღაც რიგზე არ არის. აუზი ერთდროულად ავსებს კიდევაც მწერალს სხვადასხვა იდეით და ამავდროულად აშინებს, აფრთხობს. უცნაურ შეგრძნებას ამწვავებს სახლის მფლობელის ქალიშვილი, ჯული (ლუდივინ სანიე). მაღალ ქუსლებზე ამხედრებული ქერა ლამაზმანი, თავისი ქაოტური ცხოვრების სტილით რევს დალაგებულ სიტუაციებს. სარას და ჯულის ურთიერთობა პირობით იწყება, რომ ერთმანეთს არ შეაწუხებენ, მაგრამ ეს შეთანხმებული ტყუილია - პირობა არ შესრულდება. (იმისთვის რომ კულმინაციამდე მივიდეთ არცერთი პირობა არ უნდა შესრულდეს).
მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტური ხაზი გამართული და ლოგიკურია, რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა თავიდანვე ჩნდება, რეჟისორი კი ჩვენი ყურადღების გაფანტვას ცდილობს. სარასა და ლიზას შორის დიდი, გაუცხადებელი მტრობა იბადება, რომლის მიზეზადაც ოზონი გვთავაზობს ისეთ მარტივ და პატარა დეტალებს, როგორიც არის აუზის გამოყენება, ჯულის ქაოტურობისა და ლიზას სიმშვიდის შეჯახება. ეს პატარ-პატარა მიზეზები არ არის ლოგიკურ ბმაში იმ დიდ დაპირისპირებასთან რაც მათ შორის არის.
რატომ არის ოზონი საინტერესო რეჟისორი? მას შეუძლია ქალების ძალიან ძლიერი და კომპლექსური პორტრეტები შექმნას. საინტერესოდ გადმოსცეს მთავარი პერსონაჟების ხასიათების ცვალებადობა და შედეგების გამომწვევი მიზეზები. სარას ბრაზი ეჭვიანობაში იზრდება. ქალს შეუძლია დაინტერესდეს, დაუახლოვდეს მისთვის საშიშ და საფრთხილო ობიექტს. სარა იმდენად შეპყრობილი ხდება, რომ მისი მომდევნო წიგნი ამ პატარა გოგოს ჩანაწერებს ეფუძვნება.
მთელი ფილმის განმავლობაში იგრძნობა, რომ ეს დუელია, ალალბედზე გასროლილი ტყვიებით, ქალებს შორის პიროვნებების შეჯიბრი. რაიმე მნიშვნელოვანის დამტკიცებისა და ნიშნის მოგების სურვილი კი საბოლოოდ არასასიამოვნო შედეგს გამოიღებს, მაგარ საკამათოა ვისთვის იქნება არასასიამოვნო.
ჯულის ყველაფერი აქვს, რაც სარას უნდა-ახალგაზრდობა, სექსუალობა, სილაღე, თავისუფლება. ის კი შუახნის კრიზისში მყოფი მწერალია, რომელიც მხოლოდ ფანტაზიებში იკმაყოფილებს სურვილებს. ის ხომ ვეღარასდროს იქნება მიმზიდველი აუზიდან ამოსვლის დროს. მას ხომ კაცები აღარასოდეს შეხედავენ ვნებით ანთებული თვალებით, ის ხომ მხოლოდ თავისი ასაკის მკითხველში იწვევს ინტერესს.
კინოსურათში დანაშაულის სცენა საკმაოდ გვიან დგება. წინა მოვლენები თითქოს გვამზადებს (თან არც გვამზადებს) ამ სცენისთვის. დაძაბული აურა, სისხლის ხილვის მოლოდინი და სამი წერტილით დასრულებული სცენები, სადაც თოფი, რომელიც სცენაზე კიდია ფინალში აუცილებლად გაისვრის.
ოზონი ჩვენი ყურადღების გადატანას ამ ორი პერსონაჟის ურთიერთობაზე ცდილობს, რადგან შეგვიქმნას სულ სხვა მოლოდინი. რეჟისორს ეს მანევრი კარგად გამოსდის და მაყურებელს გვიჩნდება აღქმა, რომ სარას და ჯულის შორის რაიმე სასიყვარულო ურთიერთობა უნდა განვითარდეს. დაძაბული კლიმატი შექმნილია, მაგრამ დუეტი ტრიოდ იქცევა და მათ ურთიერთობაში კაცი იჭრება, რომელიც სარასთვის რეალურად საინტერესოა, ჯულის ინტერესები კი სარას ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ალბათ, „საცურაო აუზსს“ რიგით, საშუალო დონის ფილმად ქცევაში, ხელი ფინალურმა სცენამ შეუშალა, სადაც მთელი წინა ისტორია ეჭვის ქვეშ დგება. რამდენად სჯერა სარას იმის, რასაც ყვება და რამდენად გვჯერა ჩვენ ის, რასაც რეჟისორი გვთავაზობს. ზღვარი რეალობასა და წარმოსახვას შორის ქრება. იყო კი იმ სახლში მართლა მიმზიდველი ქალიშვილი ჯული? მოხდა თუ არა მკვლელობა რეალურად? ოზონი ბოლო კადრით ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს და ღია ფინალით მაყურებელს გვაძლევს საშუალებას ჩვენით გამოვიტანოთ დასკვნები.
კითხვები, გაურკვევლობა, ნისლი კინოფილმის თავზე მხოლოდ მისი მრავალჯერ ნახვით და თითოეულ დეტალზე დიდხნიანი ფიქრის შედეგად შეიძლება გაიფანტოს. მაგრამ, აუცილებელი სულაც არ არის ყველა კითხვაზე პასუხი ფილმში ვიპოვოთ. სწორედ ამიტომ არის ოზონი საინტერესო რეჟისორი, რომ მის ფილმებში ვერ ვიპოვით ვერც ერთ დეტალს, რომელიც ცხადად მისახვედრი და ერთმნიშვნელოვანია. მოცემულობაც კი, რომლის მიხედვითაც ის იკვლევს ქალის ვნებათაღელვებს, პირობითია, მოსაზრებების ჭეშმარიტება კი სუბიექტური.
ერთი სიტყვით, ფრანსუა ოზონი მოსაწყენი რეჟისორი არ არის.
Kommentare