top of page
ლიზა ალფაიძე

თბილისის 23-ე კინოფესტივალის დაგვიანებული შეჯამება

Updated: Jan 12, 2023


თბილისის კინოფესტივალი ერთგვარ ტრადიციად ან დღესასწაულადაა ქცეული ქართველი კინომოყვარულებისათვის, დეკემბრის პირველ კვირაში, როდესაც დღეები ძალიან მოკლეა, ღამეები კი ცივი და მოსაწყენი კინოთეატრი “ამირანი” ქალაქის კულტურულ ცენტრად და თავშესაფრად იქცევა ყველასათვის, ვისაც კინო უყვარს, ვინც მზადაა, რომ დღეში სამი - ოთხი ფილმი ნახოს, ვისთვისაც ზამთრის მოსვლა ჯერ თბილისის კინოფესტივალთან ასოცირდება, შემდეგ კი სხვა დღესასწაულებთან. სწორედ ამიტომ, ზედიზედ ორჯერ, პანდემიის გამო, ონლაინ რეჟიმსა და რეგულაციების დაცვით ჩატარებული ფესტივალის შემდეგ, ყველა განსაკუთრებით ველოდით მის ტრადიციულ ფორმატში დაბრუნებას, განსაკუთრებით გვაღელვებდა შემცირებული დაფინანსების გამო მისთვის შექმნილი დაბრკოლებები მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დაბრუნდა, ისეთი, როგორიც ყველას გვახსოვდა, საინტერესო პროგრამით, გადაჭედილი დარბაზებითა და ეიფორიული განწყობით.

წლევანდელმა ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქართული კინო ვითარდება, იცვლება და მაყურებლისთვის ძალიან საინტერესოა, სრული ანშლაგით ჩაიარა კოტე კალანდაძის ფილმმა “დრამერი”, დათა ფირცხალავას “დიდ შესვენებისა” და სოსო ბლიაძის “ჩემი ოთახის” მიმდინარეობისას კი დასაჯდომ ადგილს ვერც კინოდარბაზის კიბეზე იპოვიდით. ჟიურისა და მაყურებლის მთავარ ფავორიტად სწორედ “ჩემი ოთახი” იქცა, ბიუჯეტის გარეშე, პანდემიისას, მთავარი პერსონაჟების სახლში გადაღებული ფილმი, რომელიც ქალების ურთიერთობას მთავარი პერსონაჟების ცხოვრებაში უბოდიშოდ შეჭრით გვაცნობს, გვიჩვენებს მათ ურთიერთ სოლიდარობასა და ზრუნვას, ტკივილს და ამ ტკივილთან გამკლავების ყველაზე ხშირად ნაცად ხერხს, ცრემლნარევ სიცილსა და უხერხულობას. ჟურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა კოტე კალანდაძის “დრამერმა”, რომელიც ბეტონში ჩამარხული თბილისისათვის ძალიან ნაცნობ და ტრაგიკულ, თუმცა ამასთანავე ხშირად კომიკურ ისტორიას გვიყვება ადამიანზე, რომელიც ცდილობს უიმედო ქალაქში საკთარი ადგილისა და ბედნიერების პოვნას.

აღსანიშნავია, რომ წელს კინოფესტივალის საკუნკურსო სექციებში შესაძლებელი იყო დებიუტანტ რეჟისორთა ნამუშევრების ხილვა, რაც გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისათვის, ერთგვარ წარმოდგენას ქმნის, თუ როგორი შეიძლება იყოს ქართული კინო მომავალში და ხელს უწყობს კინემატოგრაფიისა და კინოწარმოების განვითარებას.

ფესტივალი არც მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოაკლდა, სპეციალური სექცია - უკრაინა: თავისუფლების ფერები ეთმობოდა უკრაინულ ფილმებს, რომლებიც რუსეთის აგრესიასა და უკრაინელი ხალხის სიმამაცეზე გვიამბობდა. დახურვის ცერემონიაზე მაყურებელმა პატივი მიაგო როგორც უკრაინაში დაღუპულ ადამიანებს, ასევე ირანელ ქალებს, რომლებიც დღეს თავისუფლებისთვის იბრძვიან.

საბოლოო ჯამში კი შეიძლება ითქვას, რომ წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვნახეთ როგორც ცნობილი და პატივსაცემი რეჟისორების სუსტი, ასევე ახალგაზრდა, დაწყებთა კარგი ნამუშევრები, ფილმები, რომლებმაც სხვადასხვა ფესტივალზე გაიმარჯვეს ან უსამართლოდ დარჩნენ პრიზების გარეშე, ისტორიები, რომლებიც კლიშეებით იყო დატვირთული და ისტორიები, რომლებიც მოულოდნელობებით იყო აღსავსე, ვიცინეთ, უფრო მეტი ვიტირეთ, კინოთეატრი “ამირანის” შესასვლელში მოვწიეთ უამრავი ღერი სიგარეტი და ვსვით ყავა გული დაგვწყდა, რომ ფესტივალი დასრულდა და 11 დეკემბრიდანვე დავიწყეთ თბილისის 24-ე კინოფესტივალის მოლოდინი.





Comments


bottom of page